
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე მონღოლეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები გააცნო.
როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, 2017 წლიდან ენერგეტიკის დარგის რეფორმას ახორციელებს. მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც დარგის რეფორმირების, ისე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების მიმართულებით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის სტრატეგიულ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება. მინისტრის მოადგილის თქმით, ამით გაიზრდება საქართველოს, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორის და სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია ევროპის ბაზრისთვის.
მინისტრის მოადგილემ ასევე აქცენტი გააკეთა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც ასევე პოზიტიურ გავლენას იქონიებენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ამაღლებასა და დარგის განვითარებაზე.
შეხვედრაზე მონღოლეთის დელეგაციის წევრებმა ინტერესი გამოხატეს საქართველოსთან ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარტნიორობის მნიშვნელობას და მომავალში საერთო ინიციატივების პერსპექტივას.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა მონღოლეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი იერენ ულზი ბათმანხი. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ მონღოლეთის პარლამენტის, ენერგეტიკის სამინისტროს, ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი კომისიის, გადაცემისა და განაწილების ქსელის ოპერატორების, აგრეთვე ენერგეტიკული სექტორის სხვა წარმომადგენლები.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონღოლეთის დელეგაციამ შეხვედრები გამართა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში”, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში, სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორში”, სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაში”, სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა” და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში”. ვიზიტი აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით გაიმართა.