
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გურიის რეგიონში სამი ახლად რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.
მინისტრი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლების თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურას გაეცნო და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით კიდევ არაერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გაიხსნება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წელს ყველა სკოლაში ყოველი დღე დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით – ეს არის ერთგვარი პატივისცემა ქვეყნისადმი, სახელმწიფოსადმი პატივისცემა. ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად გაუღვივებს პატრიოტულ სულისკვეთებასა და სიყვარულს თავიანთი სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.
სამივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი. ამასთან, ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი და ბიბლიოთეკა. სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – მოწყობილია ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებულია სველი წერტილები.