სამხედრო ბაზების შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე კიდევ ერთი ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და უწყების თანამშრომლებს უახლესი ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზი მოემსახურება. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე კიდევ ერთი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა. სპორტული დარბაზი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნეს.

სპორტული კომპლექსი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და მაღალი ხარისხის თანამედროვე ტრენაჟორებით აღიჭურვა. სატრენაჟორო დარბაზთან ინტეგრირებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების სექცია, სადაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და მათ შვილებს შესაძლებლობა მიეცემათ დაეუფლონ ტრადიციულ საბრძოლო ხელოვნებას.

ღონისძიებას თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

Back to top button