ვახტანგ ცინცაძე: მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება, რასაც ხელს უწყობს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2025 წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება – აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში საშუალო ზრდა 7.9%-ით განისაზღვრა.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა სექტორულ ჭრილში ამჯერადაც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო. კერძოდ, აგვისტოს თვეში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაცისა და კომუნიკაციების, განათლების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო მომსახურების და ენერგეტიკის სექტორებმა.

„აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ტურიზმის, ასევე საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება ექსპორტის კუთხითაც, რომელიც 6.7%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები (წლიური ზრდა – 3.8%).

ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები მომავალ თვეებშიც შენარჩუნდება. როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მთავრობა ამ მიზნით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს, მათ შორისაა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები.
„სახელმწიფო საწარმოებში მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში 700 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა, რაც მოხმარდება უფრო პროდუქტიული პროექტების განხორციელებას. ეს პროცესი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას საშუალოვადიან პერიოდში”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

Back to top button