დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მევენახეობისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების, ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის, ასევე, სომელიეს პროფესიის პოპულარიზაციის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. განხილული იყო ISG-ის პროგრამების ინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტის ვიზიტი. ასეთი რანგის სტუმრების როლი განსაკუთრებულია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის ზრდასა და განვითარებაში. ისინი, ფაქტობრივად, ქართული ღვინის წარმომადგენლები ხდებიან გლობალურ დონეზე, რაც ხელს უწყობს ახალი ბაზრების მოძიებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას. სომელიეების აქტიურობა ქართულ ბაზარზე ასევე ხელს უწყობს ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გილდიის პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სომელიეთა საერთაშორისო გილდია მრავალი წელია სხვადასხვა ქვეყანაში 14 ენაზე ატარებს ქართული ღვინის შესახებ სასწავლო კურსებს.

„მომავალ თვეში ვიწყებთ ახალ კურსებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. როგორც ორგანიზაციისთვის, ეს განსაკუთრებული შესაძლებლობაა, ქართული ღვინოები კიდევ უფრო მეტად ცნობადი გავხადოთ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამის გაფართოება ნიშნავს, რომ შეგვიძლია ქართული ღვინოები ახალ კონტინენტებზე – იქნება ეს აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია თუ ლათინური ამერიკის ბაზრები, სხვადასხვა ენაზე გავაცნოთ მომხმარებელს. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ქართული ღვინოების პოპულარობის სულ უფრო მეტად გაზრდას“, – განაცხადა ჯოზეფ მილერმა.

საერთაშორისო სომელიეთა გილდია (ISG) 1982 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოში ღვინის სფეროში წამყვან საგანმანათლებლო სისტემას წარმოადგენს. ორგანიზაცია მუშაობს 40-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც 60-ზე მეტ სასწავლებელში სწავლება 14 ენაზე ტარდება. ISG-ის პროგრამები მოიცავს სომელიეს პროფესიულ მომზადებას, მეღვინეობას, ღვინის ბიზნესის მენეჯმენტს, კულინარიასა და კვებას. ჯოზეფ მილერის ხელმძღვანელობით, ISG გახდა გლობალური ლიდერი სომელიეს განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას.

Back to top button