საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრებივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ორ პირს  ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში  ,,შპს „ქინდერლი ჯორჯია“ დააფუძნეს, რომელიც  ბიოლოგიურ მშობლებსა  და სუროგატ დედებს შორის  შუამავალ კომპანიას წარმოადგენდა. ბრალდებულები კომპანიის სახელით ბიოლოგიურ მშობლებთან  ხელშეკრულებებს დებდნენ და  ვალდებულებას იღებდნენ რომ მოიძიებდნენ სუროგატ დედებს  და  სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას უზრუნველყოფდნენ. აღნიშნული გზით ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს  დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 670 150 აშშ დოლარზე მეტი თანხა.

ბრალდებულებს ბრალდება (მათგან ერთს დაუსწრებლად) საქართველოს სისხლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Back to top button