დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სამომავლო პროექტებმა კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ქვეყანას და გაზარდოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რაჭაში იმყოფებოდა.

„დღეს რაჭაში შევხვდით ადგილობრივ მეწარმეებს და ჩვენი უწყებების თანამშრომლებს. პირდაპირი კომუნიკაცია არის საუკეთესო საშუალება, გავიგოთ რა საჭიროებები აქვს ადგილობრივებს. ეს ინფორმაცია არის საფუძველი სამომავლო პროექტების, რომლებმაც  კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი უნდა მოუტანოს ქვეყანას და გაზარდოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს რეგიონული სამსახურების გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება.

„შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი აღჭურვილობა, მოტივირებული და პროფესიონალი კადრები, რისთვისაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში, ქვეყნის მასშტაბით სრულად აღჭურვილი, მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურული ობიექტები გვექნება, სადაც პროფესიონალი კადრები რეგიონის მოსახელობას სრულყოფილ სერვისებს მიაწვდიან“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

რაჭაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა, მეღვინეობა „ბიმბილი“, შპს „იწის მარანი“ და კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტების თაფლის საწარმო“ დაათვალიერა.

„რაჭა ემზადება რთველის დასაწყებად. ადგილზე ვნახეთ რთველთან მიმართებით სამზადისი, გავეცანით მევენახეების საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ, რაჭის აგრარული პოტენციალის მეტად გამოყენებაზე. ამ მიმართულებით რეგიონის გასაძლიერებლად, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, რა და როგორ შეგვიძლია თანმიმდევრულად გავაკეთოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით სონღულაშვილმა შეხვედრები გამართა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, რომელიც ოთხივე მუნიციპალიტეტში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს; დაათვალიერა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი და თანამშრომლებს შეხვდა. სააგენტოს სერვისებით, რეგიონის დაახლოებით 250-მდე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

მინისტრი გაეცნო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფისის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას. დაცული ტერიტორიების დროებით ადმინისტრაციულ შენობაში რეინჯერებს შეხვდა და რაჭის ეროვნული პარკისთვის შეძენილი ტექნიკა დაათვალიერა.

„მინდა აღვნიშნო, რომ, დაცული ტერიტორიები გაფართოებით, რაჭისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს აძლევს შესაძლებლობას რაჭას რომ ჰქონდეს მიზიდულობის დამატებითი ცენტრი და, შესაბამისად, ტურიზმის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

დავით სონღულაშვილი საოჯახო სასტუმროში „ასკრიონი“ იმყოფებოდა, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს, მაღალმთიან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარია.

დავით სონღულაშვილთან ერთად რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების  ხელმძღვანელები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Back to top button