
„ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე”, – ამის შესახებ კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში ისაუბრა.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ყოველდღიურად გრძნობს.
„პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მოსახლეობასთან ურთიერთობა დღემდე არ გაგვიწყვეტია. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, ვესაუბრებით სამომავლო გეგმებზე, განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, არ გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ღირსეული პასუხი გასცეს ყველა გამოწვევას და უპასუხოს ყველა პრობლემას, რაც ქალაქშია, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, – აღნიშნა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული არჩევნები არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ქვეყნის გარედან მართულ ძალებს არ მიეცეთ შესაძლებლობა შიდა საქმეებში ჩაერიონ, რადგან გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა ან ქალაქი, უნდა მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა.
„ზუსტად ამ მხარდაჭერამ მომცა მოტივაცია, რომ მესამედ მიმეღო არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, იყო დედაქალაქის მერი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მართო მილიონნახევრიანი ქალაქი, არ არის მარტივი. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ აბსოლუტურად – დაწყებული ეკოლოგიური მიმართულებით, გაგრძელებული ქალაქის სწორი ურბანული განვითარებით, მიღებული გენერალური გეგმით, ინფრასტრუქტურული პროექტებით, ჯანდაცვის, სოციალური პროგრამებით და ა.შ. თუმცა, ცხადია, უამრავი გამოწვევა დგას. ჩვენ არ გვერიდება ამაზე საუბარი. ღიად ვსაუბრობთ და ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ აღნიშნული პრობლემები და რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხ წელში. ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, არ დავუშვათ გარედან მართულ ზოგიერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას ამ არჩევნებით რაიმე შესაძლებლობა მიეცეს. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და სწორედ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფალი, ვინ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმართველობის ხელისუფლებაში და არა გარედან, ვიღაცების ჩარევით დანიშნული პირი. ამის მომსწრენი ვართ და მცდელობები ყოველდღიურად არის – უამრავი შეურაცხყოფა, ტყუილზე დაფუძნებული განცხადებები. ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ ამ ქვეყანას ქართველი ხალხი მართავს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.