რაჭის ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რაჭის ეროვნული პარკის საზღვრების სადემარკაციო სამუშაოების საკითხი განიხილა.

„რაჭის დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტება არის მნიშვნელოვანი პროცესი. დაცული ტერიტორიების შექმნა, პირველ რიგში, ბუნების დაცვას ემსახურება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის ის საჭიროებები და ინტერესები, რაც დღეს არსებობს“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

დემარკაციის შედეგად დაზუსტდება დაცული ტერიტორიების საზღვრები, განისაზღვრება საზღვრებში მოხვედრილი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები და არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტები.

საზღვრების დადგენა ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.

აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ხორციელდება ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ.

რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთი ახლად დაარსებული დაცული ტერიტორიაა, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი ფართობი 50 835 ჰექტარს შეადგენს.

Back to top button