შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ყველანი არჩევნებზე ვჭირდებით!

„ქართული ოცნების”  პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ავრცელებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს დემოკრატიული არჩევნების დღეა. ხმას ვაძლევთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში ჩვენს წარმომადგენლებს, რომელებიც ყველაზე მეტად, ყველაზე უშუალოდ და ყველაზე ცხადად ექვემდებარებიან თქვენს ნებას, პასუხობენ თითოეული თქვენგანის საჭიროებებს და ასახავენ თქვენს პოლიტიკურ ღირებულებებს.

არჩევნები ყველგან მშვიდად და მოწესრიგებულად მიმდინარეობს. არჩევნებს აკვირდება 56 საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 8000 დამკვირვებელი, 73 მედიასაშუალების 1000-მდე ჟურნალისტი აკრედიტირებულია არჩევნების გასაშუქებლად.

10:00 საათის მდგომარეობით ხმა უკვე მისცა 275 948-მა ამომრჩეველმა, რაც წარმოადგენს ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 7,85 %-ს. რაც როგორც წინა სამ თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე, იმაზე მაღალი აქტივობაა, ვიდრე 2021 წლის რეფერენდუმად გამოცხადებულ თვითმმართველობის არჩევნებზე იყო.   მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი და მოვუწოდო ყველას, მივიდეს საარჩევნო უბანზე და დააფიქსიროს თავისი ნება, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიკ მედია ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით ისეთი სურათი დადგას, თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა. ეს ცრუ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია გაშიფრული აქვთ, თუმცა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდაჭერთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობაა. ასე რომ, მივმართავ ფეიკ მედიას, უკვე გაცვეთილი, ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო „ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენლებს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი მხარდაჭერების სრული მობილიზება და არჩევნებში მონაწილეობა.

აქვე, წარმოგიდგენთ ამონარიდებს საქართველოს კონსტიტუციიდან, ორგანული კანონიდან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” და საარჩევნო კოდექსიდან, რომლითაც გარანტირებულია, რომ პარტიებმა არჩევნებამდე თავისი მხარდამჭერების, მათ შორის, მხარდამჭერების სიებზე იმუშაონ და შეადგინონ, ხოლო არჩევნების დღეს უზრუნველყონ მათი მონაწილეობა არჩევნებში და იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ნარატივი ერთხელ და სამუდამოდ ამ ბრიფინგით დასრულდება ფეიკ მედიაში.

ამავე დროს, ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა:

კერძოდ, გურიაში ოზურგეთის 20 უბანზე ამ საარჩევნო უბანზე ოპოზიციიდან გადასატან ყუთს არ მიჰყვებიან „ლელოს” მიერ დანიშნული კომისიის წევრები.

ბათუმის მე-5 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი პირი უბანზე მეორედ იმყოფებოდა, არ ტოვებდა უბანს, რის გამოც საჭირო გახდა, მათ შორის, პოლიციის ჩართვით, მისი გაძევება უბნიდან.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია არა მარტო პრივილეგიაა, არამედ მოვალეობაც – მოვალეობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე. დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები და მხოლოდ არჩევნები გამოხატავს ხალხის ნებას და ყოველგვარი სხვა ალტერნატივა და პრეტენზია ხალხის სახელით საუბარზე მხოლოდ სპეკულაცია და უზნეობაა.

ტრაგიკულია, რომ სწორედ ამ გზას დაადგა რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც, როგორც ჩანს საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭერის ბოლო იმედი და არაკონსტიტუციური ნაბიჯების იმედადღა დარჩა, როგორც წყალწაღებული, რომელიც უკანასკნელ ხავსს ეჭიდება.

თუმცა, დღეს, ქართველი ხალხი, საარჩევნო ყუთებთან, თავის სათქმელს იტყვის და ყველა წყალწაღებულ რადიკალს ისტორიის მდინარეს გაატანს. ამაშია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მთელი სიძლიერე.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ არჩევნებში მონაწილეობისათვის და აქტიურობისაკენ მოგიწოდოთ.

დღეს საქართველოს ყველანი არჩევნებზე ვჭირდებით!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

Back to top button