
დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ნდობა, რომელიც გამოგვიცხადეს ამომრჩევლებმა ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე და ახლა გვიცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიას.
ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებით საარჩევნო ციკლი დასრულდება.
„ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ყველაფერი იქნება მშვიდად. ჩვენ გვაქვს სამი წელი საპარლამენტო არჩევნებამდე. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ნდობა, რომელიც გამოგვიცხადეს ამომრჩევლებმა ჯერ საპარლამენტო არჩევნებზე და ახლა გვიცხადებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მითუმეტეს მონაცემები არის მართლაც შთამბეჭდავად მაღალი. გარდა იმისა, რომ ეს მხარდაჭერა გვიხარია, ეს დამატებით პასუხისმგებლობას გვანიჭებს, რომ საზოგადოების განვითარებაზე ვიზრუნოთ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეკონომიკური განვითარებაა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ.
ჩვენი მიზანი ამ ტენდენციის შენარჩუნება იქნება. ასევე, ამბიციური პროექტები გვაქვს ყველა მიმართულებით, რაც ქვეყნის განვითარებას ეხება. ხელი გვაქვს გაწვდილი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ასევე ევროკავშირის. საპასუხო ნაბიჯებს მოთმინებით ველოდებით. ეს არის ჩვენი საერთო მიდგომა. მკაფიო განცხადებები გვაქვს გაკეთებული, როგორც ამერიკასთან მიმართებაში სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით. საპასუხო ნაბიჯებს მოთმინებით ველოდებით“, – განაცხადა პრემიერმა.