პრემიერი: ჩვენი ამომრჩეველი იყო აქტიური, ვინც მხარი დაგვიჭირა საპარლამენტო არჩევნებზე, გამოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზეც – რაც შეეხება ოპოზიციას, მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს გაუცრუა იმედები

ჩვენი ამომრჩეველი იყო აქტიური, მობილიზებული და შესაბამისად, ვინც მხარი დაგვიჭირა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ისინი თითქმის, მთელი შემადგენლობით გამოვიდნენ თვითმმართველობის არჩევნებზეც. ალბათ, მცირე კლება იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ეს ახასიათებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ოპოზიციასთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმედი გაუცრუა.

„რაც შეეხება ოპოზიციას, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, არა მარტო „ახალმა“ და „ნაცმოძრაობამ“, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ საკუთარ ამომრჩეველს გაუცრუა იმედები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე, მათ ნაწილში არის კლება. ანუ ჩვენ ვინარჩუნებთ დაახლოებით 1 მილიონ 100 ათასამდე ხმას, ოპოზიცია აიღებს 400 ათას ხმას და ასე დაჯდება დაახლოებით მილიონნახევარი. ყველაფერი არის ძალიან ლოგიკურად დალაგებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button