
„ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დაუღალავი შრომის შედეგიც არის ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა.
პრემიერმა ყველა კანდიდატს გამარჯვება მიულოცა.
„გილოცავთ! ყველას მინდა მოგილოცოთ და ასევე, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი ერთად დგომა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ყველას ვპირდებოდით, დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ. ეს ძალიან კარგია. ძალიან კარგია იმიტომ, რომ ჩვენი, ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ ქვეყანა განვითარდეს შეუქცევადად, განვითარდეს სტაბილურად.
ყველა კანდიდატს მინდა მივულოცო, უამრავი კანდიდატი იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩვენს მთავარ კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახა კალაძეს, რომელმაც მესამედ მოიპოვა ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება და ეს ყველაფერი არის იმ უამრავი საქმის დამსახურება, რაც აქვს გაკეთებული. ასევე, მინდა თითოეულ მერობის კანდიდატს, უკვე არჩეულ მერს მივულოცო არჩევა და დარწმუნებული ვარ, მათი ხელმძღვანელობით თითოეული მუნიციპალიტეტი განვითარდება და წინ წავა ძალიან სწრაფი ტემპებით.
საკრებულოს წევრებს, ყველას მინდა მივულოცო, მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ჩვენი შტაბის წევრებს, შტაბის ხელმძღვანელობას, ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებს. დაუღალავი შრომის შედეგიც არის ყველაფერთან ერთად, ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა. რაც მთავარია, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ რაც გვაქვს დღეს, ჩვენს ქვეყანას – მშვიდობა, წინსვლა, განვითარება, ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. დღევანდელი გამარჯვებაც, რა თქმა უნდა, არის ბიძინას ივანიშვილის გამარჯვება. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის“, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.