„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება

„უკვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც გამოაქვეყნა ოფიციალური შედეგების ძირითადი ნაწილი და როგორც ჩვენი საარჩევნო შტაბებიც პროგნოზირებდნენ, რეალურად, ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი შედეგი აღმატება 70 %-ს. რაც შეეხება აქტივობას, აქტივობამ შეადგინა ქვეყნის მასშტაბით 1 430 000-ზე მეტი ადამიანი. რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალიან მაღალი შედეგი,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს. პირველ რიგში, საარჩევნო უბნებზე გამოცხადებისთვის, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებისთვის, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერებს, მხარდაჭერისთვის, ნდობის გამოცხადებისთვის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვდებთ პირობას, რომ ეს ნდობა გამართლდება სრულად, მაქსიმალურად და ჩვენ ვიზრუნებთ უკვე დღეიდან თითოეული თვითმმართველობის, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.

ასევე, მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ჩვენს საარჩევნო პროცესებში – საარჩევნო შტაბს, საარჩევნო შტაბის თითოეულ წევრს, ადგილობრივ საარჩევნო შტაბებს, თითოეული ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს.

დიმიტრი სამხარაძეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, რომელიც საერთო კოორდინაციას უწევდა რეგიონებთან მუშაობას, რეგიონულ შტაბებს, ასევე ლევან მაჭავარიანს, რომელიც თბილისის შტაბის ხელმძღვანელი იყო. თითოეულ შტაბის წევრს მინდა მადლობა გადავუხადო.

კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა ჩვენს მხარდამჭერს გამარჯვება და მთლიანად ქვეყანას მინდა მივულოცო ეს გამარჯვება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო უალტერნატივო, იმისათვის რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გაგრძელდეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება ყველა მიმართულებით“ , – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button