პრემიერი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი არიან უცხოელი აგენტები და უპირობოდ ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც პატრონებისგან იღებენ – იძულებული არიან, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულონ, თავი მოიჭრან, წავიდნენ სისხლის სამართლებრივ სასჯელზე

ისინი არიან უცხოელი აგენტები და უპირობოდ ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც პატრონებისგან იღებენ – იძულებული არიან, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულონ, თავი მოიჭრან, წავიდნენ სისხლის სამართლებრივ სასჯელზე და ა.შ.,- განაცხადა პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. კერძოდ, აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის ფარგლებს.

მანვე აღნიშნა, რომ შეუძლებელია გარე დავალებებისა და კარნახის გარეშე ადამიანი იმ ქმედებებზე წავიდეს, რასაც რადიკალური ოპოზიცია სჩადის.

„როდესაც ხარ უცხოური აგენტი, შენ არ გაქვს თავისუფლება და რასაც დაგავალებენ ის უნდა გააკეთო. თქვენ ხედავთ, როგორ მდგომარეობაში იყენებენ თავს. შეუძლებელია, თუ არა გარე დავალებები, კარნახი, უცხოური აგენტობა, რომ ასეთ რაღაცაზე წახვიდე. უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია. კი არ მაქვს მაინც და მაინც მაღალი წარმოდგენა მათ ინტელექტზე, მაგრამ ასეთი უინტელექტოებიც არ უნდა იყვნენ, რომ ასეთ რაღაცაზე წავიდნენ, რომ არა მათი აგენტობა.

ისინი იღებენ დავალებებს და იძულებული არიან, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულონ, თავი მოიჭრან, წავიდნენ სისხლის სამართლებრივ სასჯელზე და ა.შ. მე არ მგონია, რომ ასეთი სულელები იყვნენ ეს ადამიანები. შესაბამისად, ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რომ ისინი არიან უცხოელი აგენტები და უპირობოდ ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც პატრონებისგან იღებენ“,- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button