
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრმა გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იქნება წყლის რესურსების და კატასტროფების რისკის ეფექტიანი მართვის მიმართულებით საფრანგეთის გამოცდილების გაზიარება.
საუბარი შეეხო სასურსათო უსაფრთხოების, აგრარულ დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ექსპერტული ცოდნის გაზიარების, ექსპორტის ზრდის, ირიგაციის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სურსათთან შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ამოქმედების თემაზეც.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ესწრებოდა.