ირაკლი კირცხალია: წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო აშშ-სთან მიმართებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ცალკეული ელჩების არადიპლომატიურ ქმედებებსა და მათ მიმართ სახელმწიფოს მოთმინების პოლიტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განმარტებები გააკეთა.

კირცხალიამ ცალკეული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზე საუბრისას გაიხსენა აშშ-ის წინა ადმინისტრაციასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები და აღნიშნა, რომ აშშ-ის წინა ელჩის არადიპლომატიური ქმედებების მიუხედავად, საქართველო ამერიკასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა, რამაც თავისი შედეგები გამოიღო და ელჩი დანიგანის პენსიაში გაშვებაც კი მოუწიათ.

„აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ „ქართული ოცნების“ და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მსგავს არადიპლომატიურ ქმედებებთან და პოლიტიკურ ზეწოლასთან გვქონდა საქმე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის და მათ მიერ დანიშნული ელჩის პირობებშიც. ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ მათ საქართველოში აკრედიტებული ელჩის პენსიაში გაშვება მოუწიათ.

„წინა ადმინისტრაციის და ელჩის ქმედებების მიუხედავად, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩა და როგორც ვხედავთ, ამან თავისი შედეგი გამოიღო. დღეს დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ ებრძვის „დიფ სთეითს“ და მის სტრუქტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ველით, რომ ის გარკვეული პაუზა, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში შეიმჩნევა და რომელიც უკვე დიდხანს გაგრძელდა, მალე დასრულდება და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებით სწორ პოზიციას დააფიქსირებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან, თუ ინსტიტუტებთან ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს.

რა თქმა უნდა, ჩვენი ეს პოლიტიკა კონკრეტულ გეგმას ეფუძნება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა „დიფ სთეითის“ გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ „დიფ სთეითის“ გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები – კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

Back to top button