
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლას ეწვია.
მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსწავლეთა პანსიონი დაათვალიერა, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომაროვის სკოლა გამორჩეული სასწავლებელია, რომელიც ქვეყანას უკვე მრავალი წელია ფიზიკისა და მათემატიკის დარგში არაერთ ღირსეულ თაობას უზრდის, შესაბამისად, მისი განვითარების მხარდაჭერა სამინისტროსთვის მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს.
„კომაროვის სკოლა ახლაც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას და ასეულობით ახალგაზრდა, არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან, განათლებას ამ სკოლის კედლებში იღებს.
დღეს კომაროვის სკოლა დგას გამოწვევის წინაშე – ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. 150-ადგილიანი ახალი პანსიონის აშენება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რასაც ჩვენ ახლო მომავალში ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განვიხილავთ.
ახალი პანსიონი სკოლას მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას უმასპინძლოს. მოსწავლეები, სწავლების პერიოდში, იცხოვრებენ კომფორტულ გარემოში და კიდევ უფრო გაიღრმავებენ ცოდნას, რომელსაც შემდგომ ქვეყნის განვითარებას მოახმარენ,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
პანსიონი, რომელიც კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონების სკოლების 100-ზე მეტ მოსწავლეს სრულიად უსასყიდლოდ აძლევს, სწავლის პარალელურად, საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობას.
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში ჯამში 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. მოსწავლეები ფიზიკას, მათემატიკასა და ინფორმატიკას სწავლობენ სპეციალური, გაძლიერებული კურიკულუმით. მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებში.
სკოლა იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც კომაროვის სკოლაში არ სწავლობენ, პროექტების სახით, ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას. კომაროვის სკოლის პროექტებია: საღამოს სკოლა, შაბათის სკოლა, STEM სკოლა, კომაროვის ონლაინ სკოლა, ონლაინ შაბათის სკოლა და სხვა. პროექტებში ჩართული მოსწავლეები იღებენ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას მათემატიკაში, ფიზიკაში, პროგრამირებაში, ინჟინერიაში, რობოტიკასა და STEM-ის სხვა დისციპლინებში.