დავით სონღულაშვილი: ჩვენი მთავარი პრინციპია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც აგროწარმოების მიმართულებით გვაქვს, ხელი შევუწყოთ ფერმერებს და მეწარმეებს, შექმნან და გაყიდონ რაც შეძლება მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს.

„შიდა ქართლში ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება აქტიურ ფაზაშია. დღეს გორში ადგილზე შევხვდით ფერმერებს და მეწარმეებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად. ამისათვის გახსნილი გვაქვს საკოორდინაციო შტაბი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული ვაშლი იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, აქტიურად გადის ექსპორტზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი კილოგრამი არ რჩება დაუბინავებელი. მუშაობს არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რაც უზრუნველყოფს წარმოებას – ხდება არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება. ნედლეულისგან იწარმოება კონცენტრატი, რომელიც საექსპორტო პროდუქციაა და, შესაბამისად, ეკონომიკური სარგებლის მომტანია.

„ჩვენი მთავარი პრინციპია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც აგროწარმოების მიმართულებით გვაქვს, ხელი შევუწყოთ ფერმერებს და მეწარმეებს, შექმნან და გაყიდონ რაც შეძლება მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია. ეს არის ძლიერი ეკონომიკის და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის საფუძველი. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამები პირველი  იანვრიდან სახეცვლილი სახით იქნება წარმოდგენილი. ჩვენი რეგიონებში ვიზიტები ემსახურება ფერმერების საჭიროებების გაგებას; ზუსტად ამ საჭიროებებზე იქნება მორგებული  ახალი პროგრამები, რომლებიც, საბოლოო ჯამში,  ქართული ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას მოემსახურება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილი ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც  ვაშლის მოსავლის დაბინავების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრმა დაათვალიერა კომპანიის „ტირიფონის ბაღები“ ვაშლის ბაღები, იმყოფებოდა კომპანიის „ტირიფონის ხილი“ სამაცივრე მეურნეობაში, ასევე საწარმოში „ჯეო კონცენტრატი“, სადაც  ვაშლის გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო.

Back to top button