
„მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ 2025 წლის 5 ოქტომბერს „The New York Times”-ში დაიბეჭდა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ჟურნალისტი Philip Shishkin-ისათვის დაკვეთილი სტატია, რომლის „საგანი“ უნდა ყოფილიყო დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების გიორგი ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საკითხები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, აღნიშნული სტატია კარგი მაგალითია იმისა, რომ როგორც „The New York Times”, ისე „The Guardian”, ლოკალური, ანგაჟირებული მედიების მსგავსად მოქმედებენ და ამავე გავლენის ქვეშ არიან.
ადვოკატის აღნიშნავს, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში უაპელაციოდ იქნა გაზიარებული მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის მოსაზრებები, ხოლო, დაზარალებული მხარის პოზიციები მოცემულია აბსტრაქტული სახით, რათა მაქსიმალურად წარმოჩნდეს მისი თითქოსდა, სისუსტე და დაუსაბუთებლობა.
„აღნიშნული სტატია კარგი მაგალითია იმისა, რომ „The New York Times”, ისევე როგორც „The Guardian”, ზუსტად იმავე გავლენის ქვეშ არიან და მოქმედებენ, როგორც ლოკალური, ანგაჟირებული მედიები, რომლებიც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსუყედ ფინანსდებიან, მათ შორის, ბაჩიაშვილის მიერ, მოპარული აქტივების ხარჯზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მიერ სტატიაში ასახულ და უაპელაციოდ გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები. დაზარალებული მხარის პოზიციები, ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხები კი გადმოცემულია ზოგადი, აბსტრაქტული სახით იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად წარმოჩენილიყო თითქოსდა მათი სისუსტე, დაუსაბუთებლობა. ამავდროულად, მნიშვნელოვან კითხვებზე დაზარალებული მხარის ამომწურავი, დასაბუთებული პასუხები, რომლებიც სტატიის დამკვეთებისა და შემსრულებლების მხრიდან მათთვის არამომგებიანად იქნა მიჩნეული, საერთოდ არ არის ასახული ტექსტში (მაგალითად, საქმის პოლიტიკურ მოტივაციასთან და თითქოსდა ბაჩიაშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან, მხარეებს შორის მორიგების მცდელობასთან, ბაჩიაშვილის მიერ თავისივე ჩვენებებზე უარის თქმასთან, ციხეში თითქოს სამარტოო საკანში ყოფნასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაცემული პასუხები). დეტალურ განხილვაში არც კი შევალ, რადგან აღნიშნულის ღირსნი არ არიან უკიდურესად არაკეთილსინდისიერად მოქმედი დაინტერესებული პირები“, – წერს წიქვაძე.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ სტატია გაცდენილია განხილვის საგანს და ბაჩიაშვილის მხრიდან ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისების საკითხზე საუბრის გარდა, ვხვდებით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებსაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სტატიის დამკვეთის როლში მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილი არ არის.
„ამავდროულად, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სტატია აშკარად გაცდენილია ,,განხილვის საგანს“, ბაჩიაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მართლსაწინააღმდეგო მითვისების საკითხის ფარგლებს. მასში საუბარია პოლიტიკური შინაარსის/დატვირთვის მქონე საკითხებზე (მაგალითად, ,,გაყალბებულ არჩევნებზე“, ავტორიტარიზმზე, ერთი პირის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში – მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნგრეთში და ა.შ), რაც იმაზე მეტყველებს, რომ არც ბაჩიაშვილია მხოლოდ დამკვეთის როლში და ბევრად უფრო ღრმა პროცესებთან გვაქვს საქმე. ამასთან, ამ შემთხვევაშიც, სტატიის ავტორი გვევლინება არა როგორც ობიექტური მთხრობელი, არამედ, პირდაპირ შეფასებებსა და დასკვნებს სთავაზობს მკითხველს, როგორც ჭეშმარიტებას“, – წერს თეიმურაზ წიქვაძე.