
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ლუკა მგელაძემ აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებს ბიუროს სტრუქტურა და მიზნები გააცნო, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
აზერბაიჯანის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ელშან როვშან ჰასანოვმა აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
მხარეები კიბერუსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის იუნკერებს შეხვდნენ. დელეგაციის წევრები შინდისის მემორიალთანაც იმყოფებოდნენ, სადაც გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, მესამედ გაიმართა.