ირაკლი ჩიქოვანი ანკარაში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების გეგმებს სამმხრივ ფორმატში განიხილავენ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან – იაშარ გიულერთან და გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან – ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს და განცხადებებს გააკეთებენ.

თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში როტაციის პრინციპით, ყოველწლიურად იმართება. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.

Back to top button