
მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად, საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა.
ექსპერტებს სამუშაო ფორმატში შეხვდა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიული მიმართულებები და სამუშაო გეგმა განიხილეს.
ექსპერტთა ჯგუფის წევრები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებსაც შეხვდნენ, სადაც მიწის კონსოლიდაციის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია და თანამშრომლობის ფორმატი განიხილა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სააგენტო მიწის კონსოლიდაციის განხორციელების პროცესში საკვანძო როლს შეასრულებს.
პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია ეროვნული მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიის შემუშავება, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს შეფასება, საპილოტე ტერიტორიების შერჩევა და სხვა ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება.
მიწის კონსოლიდაცია სახელმწიფოს ორგანიზებით განხორციელებული პროცედურაა, რომელიც, მიწის მესაკუთრეებთან და მოსარგებლეებთან შეთანხმებით, უზრუნველყოფს სოფლად მიწის ნაკვეთების გაცვლას ან გადანაწილებას ისე, რომ შემცირდეს მიწის ფრაგმენტაცია. აღნიშნული ხელს უწყობს ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას, მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებას და ისეთი საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას, როგორიცაა ეკოსისტემის აღდგენა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში.