გიორგი გრძელიშვილი: ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა – პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი – გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ – კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ

„7 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოხატა ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ორგანიზებული ხელისუფლების დამხობის მცდელობა არც ერთ ევროპულ ქვეყანას, მათ შორის, არც ამერიკის ახალ ადმინისტრაციას არ დაუგმია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ იხილა პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება, როდესაც ჯერ ევროპის სახალხო პარტიამ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებში მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა.

„უფრო მეტიც, რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ არათუ დაგმობა, არამედ, ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება, როდესაც ჯერ ევროპის სახალხო პარტიამ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებში მოძალადედ „ქართული ოცნება“ გამოაცხადა, ხოლო ევროკავშირის პრესსპიკერმა მმართველ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი.

ამ პოლიტიკური პროცესების პარალელურად – გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობის ფაქტზე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის პარტნიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკური დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც რამდენიმე წელია გაუჩერებლად გრძელდება. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილდო გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით სილა გააწნა არა ერთ კონკრეტულ სამართალდამცველს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართული საზოგადოების, თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ.

მეორე მხრივ, მსჯავრდებული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად კონტროლდება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის, სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო, შედეგად ვხედავთ, რომ „დაუფასეს“ დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები – გმირად გამოგვიცხადეს.

სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა – პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი – გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ – კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ.

როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად მოიხსენიებენ ისე, რომ 1 ფაქტის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ.

მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური და მედია სივრცე გაჯერებულია უცხო ქვეყნის აგენტებით, რომლებსაც საკუთარი პატრონები უმეტეს შემთხვევაში აიძულებენ, რომ კედელს თავით დაეჯახონ, გადადგან ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, მათ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის მოხდა საპატიმრო დაწესებულებებში უწევთ. გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები, დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ „დიფ სთეითის“ ფონდებიდან – რანგით შედარებით დაბალი, თუმცა არაერთი პრიზი გადაეცათ გასულ წლებში ნიკა გვარამიას და ნინო ლომჯარიას, ერთს მედიის ხოლო, მეორეს – ადამიანის უფლებების სფეროში. ამ დროს, გვარამიას ერთადერთი დამსახურება ქართულ მედიაში არის ის, რომ ნორმად აქცია დედის გინება და ბილწსიტყვაობა, რაც შეეხება ლომჯარიას, ის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პირადი ომბუდსმენი იყო.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამაღლობელმა, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილმა, მიზანმიმართულად, მისგან ფიზიკურად უკვე მოცილებული პოლიციელი ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაბრუნა და სახეში სილა გააწნა. ამაღლობელის პატრონებისთვის ეს იყო სილა, რომელიც იმ მომენტში გააწნეს სახელმწიფოს, რადგან ფეხქვეშ გაეთელათ სახელმწიფოს არსი. საპასუხოდ კი მიიღეს კანონის განუხრელად აღსრულება. ამაღლობელის გმირად გამოცხადება არ მხოლოდ მისი წახალისებაა, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების რიგებში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხრელად შეასრულებს „დიფ სთეითის“ დავალებებს.

დაბოლოს, ჩვენი ქვეყანა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია აღსავსეა ქართველი გმირების საქმეებით, რომლებმაც დღევანდლ დღემდე მოგვიტანეს ჩვენი სამშობლო. ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, მეფე ერეკლე… ასეთ გმირებს ვიცნობთ ჩვენ, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის იდენტობა. პარალელურად საქართველოს ჰყავს „დიფ სთეითის“ პირველი გმირი, რომელიც პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელია“, – განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

Back to top button