
„დღეისათვის, კახეთში 250 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რთველი 2025-ის ფარგლებში, ყურძნის მოსავალი, საერთო ჯამში, 300 ათას ტონის ფარგლებში იქნება. ლევან მეხუზლამ გადამმუშავებელ საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდის გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა.
„დღე-ღამური გადამუშავება 10-12 ათას ტონს აღწევს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სექტემბერში დაფიქსირდა უხვი ნალექი, კერძოდ, საგარეჯოსა და გურჯაანში 2-ჯერ, თელავის შემთხვევაში ნალექების რაოდენობამ 4-ჯერ გადააჭარბა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რამაც განაპირობა კრეფისთვის ხელსაყრელი დღეების რაოდენობის შემცირება და გამოიწვია კრეფის პიკური დღეები და, შემდგომ უკვე რიგები. ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, განსაკუთრებით რთველის პიკურ პერიოდში, მუშა პროცესია: ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს. ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების ლიმიტი საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში და სიმძლავრეებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბს, რიგების კონტროლის მიზნით, შემუშავებული აქვს შემდეგი სქემა – ყოველდღიურად, საკოორდინაციო შტაბის წევრებიშ ესაბამისი სოფლების რწმუნებულებს აწვდიან ინფორმაციას დღეღამური გადამუშავების კვოტების და ჩამბარებელი საწარმოების მისამართების შესახებ. ამ კვოტების საფუძველზე, სოფლის რწმუნებულები მევენახეებზე გასცემენ ცნობებს კონკრეტულ საწარმოსა და იმ რაოდენობებზე, რომლის გადამუშავების შესაძლებლობაც იმ კონკრეტულ დღესარის შესაძლებელი.
„შესაბამისად, რიგების შემცირებისა და კონტროლის მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია სოფლის რწმუნებულებისგან, აიღონ ცნობა და შემდგომ დაიწყონ კრეფა და მივიდნენ სწორედ იმ ქარხანაში, რომლის შესახებაც ექნება ინფორმაცია სოფლის რწმუნებულს. კახეთის მასშტაბით, სავარაუდოდ, რთველი გაგრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ყველა საწარმო მობილიზებულია – გახსნილია 300-ზე მეტი ჩამბარებელი პუნქტი, აქედან 30-მდე სახელმწიფო საწარმოს მიმღები პუნქტია. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
10 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 250 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 18 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.