
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ პროდუქციაზე დატანილი მარკირება/ნიშანდება შეუსაბამო იყო თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან.
კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.