„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” პანელურ დისკუსიაში აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” პანელზე სახელწოდებით „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე” 22 ოქტომბერს მოხსენებას გააკეთებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი.

ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა პროფესიული კარიერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო რესურსების, ტექნოლოგიების ცენტრისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში დაიწყო. მოგვიანებით ნაბიევი საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს საფინანსო, საბუღალტრო და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას რაშად ნაბიევი 2021 წლის 26 იანვრიდან იკავებს.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”, რომელიც 22-23 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით მეხუთედ გაიმართება, გლობალური დაკავშირებადობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიება ხელს უწყობს ქვეყნების მეტ ჩართულობას „შუა დერეფნის” ინიციატივაში და აძლიერებს ხედვას, რომლის მიხედვითაც, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ფაქტორი დაკავშირებადობაა. წელს ღონისძიებას 2000-მდე დელეგატი, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესის სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეყოლება.

Back to top button