
ყველამ კარგად დავინახეთ, ვისაც დანახვა უნდა, შინ და გარეთ, ხალხმა ქართული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანა, რაც საკრებულოებში მათი წარმომადგენლების კანტიკუნტობაში გამოიხატება. ასეთია იმ პარტიების ბედი, რომლებიც თავად ვერ წყვეტენ და უცხოეთიდან კარნახობენ, თუ რა უნდა გააკეთონ ზოგადად, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას წიწავამ განმარტა, ოპოზიცია როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სწორედ გარე პატრონების მითითებებით მოქმედებდა.
„გვახსოვს, საპარლამენტო არჩევნების დროს მიუთითეს: „არ შეხვიდეთ პარლამენტში“, იმ არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტი არც ერთ არ ჰქონდა, შავი ლაქა სად იყო. საარჩევნო პროცესში ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები, როგორც კომისიებში, ისე – დამკვირვებლებად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ვერაფერი რომ ვერ თქვეს საარჩევნო სისტემაში, მელანს მიადგნენ, შენ იყავი შავიო და მისი დამუნათება დაიწყეს. როცა დადგა ჟამი თვითმმართველობის არჩევნებისა, გარე უფროსებმა ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ, ურეიტინგო ოპოზიციას ისევ მიუთითეს: გაიყავით და ნაწილმა მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობაო. არჩევნებმიმდევრები დაფაცურდნენ, ბევრი იწვალეს თუ ცოტა, მოაკოწიწეს კანდიდატები, ყველგან ვერ შეძლეს, რა თქმა უნდა, და დაარეგისტრირეს ცესკოში – იმ ცესკოში, სადაც ბოლო წლების განმავლობაში მაღალი, თანამედროვე სტანდარტით ტარდება არჩევნები“, – აღნიშნა გრეტა წიწავამ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ეფექტიანად აღკვეთისთვის და დაინტერესდა, იმ ევროპელი ბიუროკრატების ქვეყნებში, რომლებიც საქართველოში ძალადობრივ პროცესებს ახალისებენ, როგორ შეფასდებოდა პარლამენტის სასახლეზე შტურმი, ან პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა.
„მთელი ეს პერიოდი ხალხს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მათ მედიაში, თუ საჯარო გამოსვლებში გვესმოდა: გადატრიალება, აჯანყება, დამხობა და ამ ყველაფრის მცდელობაც ვიხილეთ. თუმცა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები ამ ყველაფერს კანონის ფარგლებში გაუმკლავდნენ და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ მაღალი პროფესიონალიზმისთვის და მინდა, ასევე, მადლობა ვუთხრა, იმიტომ, რომ იყო ძალიან ხილული და უხილავი საფრთხეები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. სამწუხაროდ, მთელი ეს პროცესები, ევროპული ბიუროკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან იყო წახალისებული და მხარდაჭერილი. პოლიციელების დაწვა, შენობების დაზიანება, „მოლოტოვის კოქტეილი“, ქვეყნის ავის მოსურნეების სიმბოლოდ იქცა. საინტერესოა, მათ ქვეყანაში პარლამენტის სასახლის შტურმი და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა როგორ შეფასდება და კანონი რას ამბობს, თუ იტყვიან, ღობე თავად დაესხა თავსო? ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამაყი და ჩვენი სიმტკიცე ჩვენი სამშობლოს სიყვარულია. ქვეყნის ინტერესების დაცვა, სამშობლოს გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის მისიაა“, – განაცხადა გრეტა წიწავამ.