
ვამაყობთ შესანიშნავი თანამშრომლობით, ძლიერი პარტნიორობითა და საერთო ღირებულებებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსოფლიოში არსად უნახავთ ისეთი წინსვლა, რასაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, რაც შთამბეჭდავი ცვლილებებით გამოიხატა.
„მე ორჯერ ვიყავი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: პირველად ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტით, შემდეგ კი EMAAR ჯგუფის 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთვის. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მინიმუმ 1.5%-ს შეადგენს. მოუთმენლად ველით ამ პროექტის განვითარებას, განსაკუთრებით თბილისისა და ბათუმის გარშემო. ვამაყობთ შესანიშნავი თანამშრომლობით, ძლიერი პარტნიორობითა და საერთო ღირებულებებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. შეთანხმება ჩვენს კავშირებს აძლიერებს და არაბთა გაერთიანებული საამიროები შესანიშნავი მაგალითია იმ ქვეყნისა, რომლისგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ.
მსოფლიოში არსად უნახავთ ისეთი წინსვლა, რასაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, რაც შთამბეჭდავი ცვლილებებით გამოიხატა. მსგავსი პროგრესის მისაღწევად ჩვენ კარგად უნდა შევისწავლოთ მათ მიერ განხორციელებული რეფორმებისა და ცვლილებების ძირითადი საყრდენები. მადლიერები ვართ მათთან შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. უმნიშვნელოვანესია მათი პროგრესის ყველა ასპექტის შესწავლა, არაბთა გაერთიანებული საამიროების შესანიშნავი ლიდერობის გათვალისწინებით, რომელმაც წარმატებით განახორციელა თავისი ეროვნული ხედვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები ღრმად არიან ერთგულნი თავიანთი ხალხის მიმართ და დაუღალავად მუშაობენ ქვეყნის განვითარებისთვის. მათგან უნდა ვისწავლოთ.
კვლავაც ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ჩვენს თანამშრომლობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ინვესტიციების მიმართ. ტურიზმი საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი სფეროა და გვიხარია, რომ ეს რიცხვები მუდმივად იზრდება. სხვადასხვა სექტორში ვთანამშრომლობთ წინსვლის მისაღწევად და მუშაობას ვაგრძელებთ გაუმჯობესების მიმართულებით”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.