ფინელი ჟურნალისტი პრეზიდენტ სტუბისთვის დასმული კითხვის შემდეგ დააკავეს, რომელიც ისრაელისგან შეიარაღების შეძენას ეხებოდა

ფინელი ჟურნალისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს საჯაროდ ჰკითხა, უნდა გააგრძელოს თუ არა ფინეთმა შეიარაღების შეძენა ისრაელისგან მაშინ, როცა გაერო და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ამ ქვეყანას გენოციდში ადანაშაულებს, – ინფორმაციას trtworld-ი ავრცელებს.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პრეზიდენტმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიციამ ჟურნალისტი ტერიტორიიდან განარიდა და გაფრთხილება მისცა.

„ბატონო პრეზიდენტო, მიზანშეწონილია თუ არა, რომ ფინეთმა განაგრძოს შეიარაღების შეძენა ისრაელისგან – იმ ქვეყნისგან, რომელსაც გაერო და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გენოციდში ადანაშაულებს?“, – ჰკითხა ჟურნალისტმა, რომლის ვინაობაც მხოლოდ მისი სახელით, ტუომასით არის ცნობილი.

როდესაც პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა, ჟურნალისტმა დაამატა: „გაქვთ კომენტარი, ბატონო პრეზიდენტო?- კომენტარის გარეშე – ქალბატონებო და ბატონებო, ეს ჩვენი პრეზიდენტია“.

მალევე საქმეში პოლიცია ჩაერია და ჟურნალისტს მიუგო: „ციხეში წახვალთ და ამისთვის ჯარიმასაც მიიღებთ“.

ჟურნალისტი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და არ აპროტესტებდა. მიუხედავად ამისა, ის დააჯარიმეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ბრალდება წაუყენეს, რის გასაჩივრებასაც აპირებს.

Back to top button