თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში წარმოებული ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო უნიფორმებით არიან უზრუნველყოფილი. შპს „დელტა ტექსტილი“ უწყვეტ რეჟიმში ამარაგებს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციით. ქართული ჯარის მომარაგების პროცესს პირადად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. მინისტრმა, მისმა მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალებში მიღებული უნიფორმები და სპორტული ტანსაცმელი დაათვალიერეს და განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრისა და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით აღჭურვილ ფაბრიკაში იკერება. აქვე მიმდინარეობს საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, საპატრულო ჩანთების, საველე ჩანთების, სანივთე ტომრების, თეთრეულის და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება.
შპს „დელტა ტექსტილი“ სსსტც „დელტას“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, რომლის ძირითადი საქმიანობა თავდაცვის ძალების სამხედრო ტანსაცმლით, რბილი ინვენტარითა და საველე აღჭურვილობით უზრუნველყოფაა. კომპანია პანდემიის თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც უზრუნველყოფდა უნიფორმით თუ ტექსტილის სხვა ნაწარმით თავდაცვის ძალების შეუფერხებელ მომარაგებას.