
„ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა“, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს 10:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად 22 ლოკაციაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა.
ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები.
ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.