გიორგი ჩაკვეტაძე: განათლება, როგორც სახელმწიფოებრივი იდეა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ეს ისტორიული რეფორმაც ადასტურებს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის წარდგენას ეხმიანება და ამბობს, რომ კონცეფცია სრულად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს და ეფუძნება შვიდ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას.

ის დეტალურად მიმოიხილავს რეფორმის ამოცანებს და წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შექმნის ხარისხიანი და თანამედროვე განათლებისთვის ხელმისაწვდომ გარემოს.

ჩაკვეტაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობით რეფორმის თითოეული პუნქტი წარმატებით განხორციელდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საზოგადოებას წარუდგინეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომელიც სრულად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს და ეფუძნება შვიდ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას. რეფორმა მოიცავს შემდეგ ძირითად ამოცანებს:

1. უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია;

2. რესურსების ოპტიმიზაცია და სწავლების ხარისხის გათანაბრება;

3. საკადრო პოლიტიკის დახვეწა;

4. სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერება;

5. შრომის ბაზრის ანალიზი;

6. დაფინანსების სისტემის რეფორმირება;

7. ინფრასტრუქტურის განვითარება.

გეოგრაფიული დეკონცენტრაციის მიზანია მეორე საუნივერსიტეტო ქალაქად ქუთაისის განვითარება, ასევე, დედაქალაქის საუნივერსიტეტო ბაზის გაფართოება რუსთავის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში მოქმედ ხუთ სახელმწიფო უნივერსიტეტს – ბათუმში, თელავში, ახალციხეში, გორსა და ზუგდიდში. რესურსების ოპტიმიზაციისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაინერგება პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“. უნივერსიტეტები განახორციელებენ საგანმანთლებლო საქმიანობას თავიანთი პროფილის მიხედვით, ხოლო ახალი 3+1 მოდელი უმაღლესი განათლების პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის. საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწის შედეგად გაცემული დიპლომების ხარისხი კი მკვეთრად გაიზრდება და გათანაბრდება.

საკადრო პოლიტიკის დახვეწის ფარგლებში, უნივერსიტეტების აკადემიური ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებით დაკომპლექტდება, რომლებიც ხელმძღვანელობას გაუწევენ სწავლებისა და კვლევის მიმართულებებს. მათი შრომის ანაზღაურება გაიზრდება, ხოლო სხვა პედაგოგები საქმიანობას გააგრძელებენ ხელშეკრულებით, საათობრივი წესით. დეფიციტურ მიმართულებებში შესაძლებელი იქნება უცხოელი ლექტორების მოწვევაც.

კვლევის და სწავლების ინტეგრაცია რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიქმნება კვლევების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს კვლევითი დაწესებულებებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობას. აკადემიური პერსონალი არსებით როლს შეასრულებს თანამედროვე სახელმძღვანელოებისა და ლიტერატურის შექმნაში. შრომის ბაზრის ანალიზის მეშვეობით, უნივერსიტეტები შეძლებენ, ზუსტად განსაზღვრონ, რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე რა რაოდენობის სტუდენტის მიღებაა საჭირო. დაფინანსების მოდელი მკვეთრად გადაიხედება. დაფინანსების არსებულ, საგრანტო წესს სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემა შეცვლის, რაც ხელს შეუწყობს ხარჯების ოპტიმიზაციასა და პრიორიტეტების განსაზღვრას.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით რეფორმა ითვალისწინებს თბილისისა და ქუთაისის საუნივერსიტეტო ცენტრების განვითარებას, თანამედროვე სასწავლო სივრცეების შექმნასა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების მოწესრიგებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაზე. ყველა ამ ძირითად მიმართულებაზე უკვე შემუშავებულია ცხადი ხედვა, რომელიც მომდევნო კვირების განმავლობაში საბოლოო სახეს მიიღებს. განათლება, როგორც სახელმწიფოებრივი იდეა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ეს ისტორიული რეფორმაც ადასტურებს. ჩვენი მიზანია ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შექმნის ხარისხიანი და თანამედროვე განათლებისთვის ხელმისაწვდომ გარემოს. სტუდენტებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ უცხოეთში სწავლის გაგრძელება, ცოდნისა და პროფესიული უნარების განვითარებისთვის. მათ საქართველოში უნდა ჰქონდეთ ყველა საჭირო პირობა. მჯერა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობით რეფორმის თითოეული პუნქტი წარმატებით განხორციელდება!“, – წერს ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

Back to top button