მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას

„ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები ასახავს საქართველოს მზადყოფნას, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციის, ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მეშვეობით,” – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News – სთან ინტერვიუში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველო ახორციელებს ამბიციური განვითარების დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კარიბჭედ აქცევს.
მარიამ ქვრივიშვილი გამოცემასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტებსი, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას. მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანში თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე.

გამოცემა წერს, რომ გაერთიანებული არაბთა საამიროების ინვესტორებთან პარტნიორობა უკვე უწყობს ხელს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას – კომპანია Eagle Hills-მა, 6 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორცილება დაგეგმა ორი მასშტაბური მრავალფუნქციური პროექტის განსახორციელებლად თბილისსა და ბათუმში, ამასთან Abu Dhabi Ports Group-თან თანამშრომლობით თბილისში მშრალი პორტის პროექტი განვითარდა, რომელიც 2025 წლის ივნისში ამოქმედდა.

Gulf News – ის თანახმად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა ქვეყნისათვის. „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,” – აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით, ის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს ევროკავშირის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაში.

ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ სტრატეგიული პროექტები და საერთაშორისო პარტნიორობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება – ის უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ხდება.

Back to top button