ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი: მდიდარ და ინტენსიურ კახურ, ასევე ქართლის კაშკაშა არომატებთან ერთად, იმერეთსა და რაჭაში აღმოჩენილი ღვინოები სრულყოფილებაა

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით, საქართველოს ბრიტანეთიდან სომელიეების, ღვინის იმპორტიორების, მედიისა და „Swirl Wine Group“-ის წარმომადგენლების 12-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

ბრიტანელმა სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები, ქართლში, იმერეთსა და რაჭაში დაათვალიერეს.

„საქართველოში, 10 წლის განმავლობაში არაერთი სტუმრობის მიუხედავად, ეს ჩემი პირველი ვიზიტია იმერეთსა და რაჭაში. დასავლეთ საქართველოს ღვინოები გამორჩეულია სიმსუბუქით, რაც ძალიან პოზიტიურია, მათ აქვთ ბევრი კაშკაშა არომატი და ჰარმონიულად ეწყობა აღმოსავლეთის უფრო მრავალფეროვან ღვინოებს. ფანტასტიკურია ის პროფესიონალიზმი და თავდადება, რომელიც ნამდვილად იკვეთება დასავლეთ საქართველოს მეღვინეობაში. ჩვენ დავაგემოვნეთ საოცარი ღვინოები – თეთრი, ვარდისფერი, ქარვისფერი და წითელი. პროგრესი, რომელიც მიღწეულია რაჭაში, იმერეთსა და ქართლში, მართლაც არაჩვეულებრივია და, ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიხილავთ ამ ღვინოების უფრო და უფრო მეტ იმპორტს დიდ ბრიტანეთში; ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველო იქნება ძალიან ძლიერ პოზიციაზე საფერავით, ქარვისფერი ღვინით, წითელი ღვინით, რადგან საქართველოს შეუძლია შესთავაზოს მსოფლიოს მრავალფეროვანი გემოები. მდიდარ და ინტენსიურ კახურ, ასევე, ქართლის კაშკაშა არომატებთან ერთად, იმერეთსა და რაჭაში აღმოჩენილი ღვინოები სრულყოფილებაა“, – აღნიშნა „Swirl Wine Group“-ის ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტიმ.

რეგიონული ტურის გარდა, ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის თბილისში გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია „Walk-around Tasting“, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს, ეს უკვე მეორე ტური იყო ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს.

Back to top button