გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

გივი მიქანაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან და პარლამენტის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელიანთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე, განათლების სფეროში მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.

საუბარი შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების, მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკების განხორციელების საკითხებს.

გივი მიქანაძემ შეხვედრების მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

მხარეებმა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

აღინიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის განათლების სისტემის წარმომადგენლებს გააერთიანებს, რაც ხელს შეუწყობს პარტნიორობის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი ინიციატივების უფრო ეფექტიანად განხორციელებას.

ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, გივი მიქანაძე ასევე ეწვია სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც რექტორს, პროფესორ ჰოვჰანესჰოვჰანისიანს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის ცენტრი დაათვალიერა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის ბაზაზე ქართველოლოგიის ცენტრის გაძლიერება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცენტრი ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას, მათ შორის, სტუდენტებისთვისა და მკვლევრებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავების მხარდაჭერას.

მინისტრთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებს ესწრებოდნენ: მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.

Back to top button