
საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2025 წლის სამ კვარტალში შემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
„რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა შემოსავლებში, ტურიზმის ინდუსტრიიდან. 3,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა შემოსავლებმა და 5,1%-ით გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ბრიტანეთიდან და ისრაელიდან. ზრდა გვაქვს ასევე საუდის არაბეთიდან და აზერბაიჯანიდან“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგად, 2025 წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც მოგზაურთა რაოდენობა, ასევე შემოსავლები.
„მთლიანობაში ძალიან წარმატებული წელია. ციფრები, როგორც შემოსავლების, ისე საერთაშორისო მოგზაურების თვალსაზრისით, ცხადყოფს, რომ სტრატეგიულად სწორად ვმუშაობთ ჩვენს ბაზრებზე. ესენია: ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, და ისრაელი. შორეული ქვეყნები: ჩინეთი, ინდოეთი, ამერიკა. ემატება ფრენების სიხშირეები და ახალი მარშრუტები. ერთობლივი, დაგეგმილი, სტრატეგიული მუშაობით მივაღწიეთ იმ შედეგებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი საერთაშორისო მოგზაური ჩამოდის. ქვეყანა ძალიან დიდი ოდენობით შემოსავალს იღებს“,-აცხადებს მაია ომიაძე.