ლევან უჯმაჯურიძე FAO-ს გლობალურ გამოფენის ფარგლებში გამართულ პლენარულ დისკუსიაში მონაწილეობდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი და მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი ლევან უჯმაჯურიძე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ რომში გამართულ გლობალურ გამოფენაზე „Seed for Food “(„თესლი საკვებისთვის“)იმყოფებოდა.

გამოფენის ფარგლებში გამართულ პლენარული დისკუსიაზე ლევან უჯმაჯურიძემ პრეზენტაცია წარადგინა და გამოფენის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებიგააცნო. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა მსმენელებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და კოლექციების (in situ, ex situ, on-farm, in vitro) არსებულ მდგომარეობაზე, ასევე სვალბარდის გლობალურ თესლის საცავში ქართული მარცვლეული კულტურების ნიმუშების შენახვის მნიშვნელობაზე, ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუციებთან არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის, FAO-სთან, Crop Trust-თან, NordGen-თან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან.

პლენარულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ვიორელ გუცუ, მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ხელშეკრულების (ITPGRFA) მდივანი კენტ ნადოზი და Crop Trust-ის აღმასრულებელი დირექტორი შტეფან შმიცი. დისკუსიისას ლევან უჯმაჯურიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში ტრადიციული მცენარეული კულტურების გენეტიკური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე — განსაკუთრებით პირველადი მეთესლეობის, ცოცხალი კოლექციებისა და თესლის კონსერვაციის მნიშვნელობაზე, რაც წარმოადგენს საქართველოს გენბანკის განვითარების სტრატეგიისა და ეროვნული იდენტობის დაცვის განუყოფელ ნაწილს.

მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების:  FAO-ს, სარგებლის გაზიარების საერთაშორისო ფონდის (BSF) და NordGen-ის მხარდაჭერის როლს, რომელთა დახმარებითაც საქართველოს მიერ სვალბარდში წარდგენილი თესლის დეპოზიტი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

დისკუსიის დასასრულს ლევან უჯმაჯურიძემ გააჟღერა ინფორმაცია ახალი ეროვნული თესლის გენეტიკური ბანკის მშენებლობისა და მოწყობის პროექტზე, რომლის განხორციელება დაგეგმილია 2026 წლიდან. აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს, რაც ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და გლობალურ ინიციატივებში ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

Back to top button