
„საქართველოს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რეგიონში საკუთარი წვლილი შეიტანოს სტაბილურობასა და განვითარებაში. ჩვენ გვაქვს 9.6% ეკონომიკური ზრდა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს ნიშნავს წინსვლას და ამით საქართველო რეგიონში ლიდერია. ამ პროცესში თავისი როლი აქვს როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნესის სექტორს. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მუდამ არის სტუმართმოყვარე ქვეყნების რიცხვში, რაც ხელს უწყობს ინვესტორების მოზიდვას” – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის პანელურ სესიაზე სახელწოდებით „საქართველო – ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი” განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოში, EMAAR-ისა და Eagle Hills-ის დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტებს.
„შესანიშნავი დიალოგი მქონდა ბატონ ალაბართან, რომელიც ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია. ამ ურთიერთობის შედეგად საქართველომ მიიღო 6 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. Eagle Hills-ის პროექტი არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის”, განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, წლევანდელმა წელმა აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება, გარკვეული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს ბიზნესის წარმოებას საქართველოში. მარიამ ქვრივიშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის თითოეული ინვესტიციის მნიშვნელობაზე, რომელსაც განახორციელებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ბიზნესმენი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, ინვესტიციები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ნებისმიერი სექტორის სტაბილურობას.
„ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდება და სწორედ ასეთ შემთხვევებს ვიყენებთ, წარმოვაჩინოთ ჩვენი მიღწევები. ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, 2000-ზე მეტ დელეგატს ვუმასპინძლოთ მრავალი ქვეყნიდან. ეს გახლავთ დიალოგის პლატფორმა მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის, ის თემები, რომელიც კერძო სექტორს აწუხებს” – აღნიშნა მინისტრმა.
აბრეშუმის გზის ფორუმზე „საქართველო – ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი”პანელური სესია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა. სესიაში მონაწილეობა მიიღეს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი ალაბარმა, Galt & Taggart-ის აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი კუპრაშვილმა, Trammo, Inc.-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ოლივერ სტენტონმა და Eksim Holding-ის საბჭოს თავმჯდომარე ებუბეკირ ტივნიკლმა.