
„ჩვენთვის კომფორტულია გარემო, ატმოსფერო, დარგობრივი პოლიტიკა, ისტორია და რეფორმები, რაც საქართველოს გააჩნია”, – განაცხადა Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი ალაბარმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „საქართველო – ინვესტიციების გადაკვეთის წერტილი.”
მისი შეფასებით, საბოლოოდ, ყველაფერი უკავშირდება ეკონომიკური ზრდის პარამეტრებს და იმ დადებით მაჩვენებლებს, რაც საქართველოშია.
„ეკონომიკის 9%-იანი, თუნდაც 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი მაგალითია – ევროკავშირმა უნდა ისწავლოს აქედან, მათი ეკონომიკური ზრდა გაცილებით ნაკლებია” – აღნიშნა Emaar-ის დამფუძნებელმა.
მოჰამედ ალი ალაბარმა საქართველოში არსებულ გარემოზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნის ხელმძღვანელობას და დარგობრივ პოლიტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„20- ზე მეტ ქვეყანაში გვაქვს ინვესტიციები, მაგრამ ყველაფერი იწყება იქ, რომ ქუჩაში გავდივარ და ვსეირნობ, ვნახულობ, რამდენად კომფორტულია გარემო. ძალიან კარგი მიღება მქონდა საქართველოში. ჩვენი წვლილი, სხვა ინვესტორების მოტივირების თვალსაზრისით, არის ძალიან დიდი – ის გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ახალგაზრდა სახელმწიფოებში მოხდება ინვესტიციების კონცენტრაცია”- განაცხადა Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა.
ამასთან, როგორც ალაბარმა აღნიშნა, უკეთესი გარემოს შექმნა ხალხისთვის გადამწყვეტია.
„ძლიერ, ბრძნულ და სტაბილური ხელმძღვანელობის მქონე საქართველოსთან ურთიერთობა დიდი პატივია ჩემთვის. ქვეყანამ მოიზიდა მდიდარი ადამიანი, რომელიც აქ ეძებს და პოულობს მშვიდობას, სტაბილურობას, კარგ ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ ამ ძლიერ, გონივრულ ხელმძღვანელობას ქვეყანაში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველომ „იგლ ჰილს საქართველოს” პროექტი მანდო”, – აღნიშნა მოჰამედ ალი ალაბარმა.