საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა ვლადიმირ სიმონიაკმა.

შეთანხმების თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი ეკონომიკური, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ბიზნეს წრეების დაახლოებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის შექმნას, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს.

ხელმოწერამდე, გენადი არველაძესა და ვლადიმირ სიმონიაკს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველო – სლოვაკეთის თანამშრომლობას, მათ შორის, ტურიზმის სფეროშიც. მხარეებმა ასევე განიხილეს მომდევნო წლის დასაწყისში ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარების შესაძლებლობა.

Back to top button