
„ჭკვიანი მმართველობა, თანმიმდევრულობა, გამჭვირვალობა და უწყვეტობა – წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ რამდენიმე ნიშანს ატარებს. ამ ყველაფერს ინვესტორები სამართლიანად აფასებენ და ამბობენ, რომ საქართველო ცალკეულ სირთულეებს სწორად მართავს. ბოლო რამდენი წელია, საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა და მედეგობა, რაც აისახა საქართველოს ეკონომიკაზეც. შესაბამისად, ქართულმა ეკონომიკამ სტაბილურობა და სტაბილური ზრდა აჩვენა”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე.
მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტიციების მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა და შემოსავლები დაფიქსირდეს.
„ჩვენ ვაძლიერებთ და ვაუმჯობესებთ საქართველოს, ქვეყნის პოზიციონირებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით, ამასთანავე, ინვესტირებითა და თანაინვესტირებით ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ. ეს არის ის რეალობა, რასაც არამარტო ჩვენ, არამედ ინვესტორებიც ხედავენ. ამას ხედავს ფართო საზოგადოებაც”,- დასძინა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტორებზე, თუ რატომ უნდა დაინტერესდეს ინვესტორი საქართველოში ფინანსური რესურსების ჩადებით.
„საქართველოში ინვესტირებით თქვენ ინვესტიციას დებთ სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და პროგნოზირებადობაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ინვესტიციებიდან, საშუალოდ, ყველაზე მაღალი სარგებელი გამოიმუშაოს, ასევე მნიშვნელოვანია სწორი საგადასახადო პოლიტიკა და გამჭვირვალობა”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.