გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ევროპის ტყის კომისიის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს

სტამბოლში მიმდინარე სატყეო ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპის ტყის კომისიის 43-ე სესიაზე მხარეებმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ორი წლის ვადით ევროპის ტყის კომისიის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ევროპის ტყის კომისია და მისი ბიურო წარმოადგენენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც განსაზღვრავს ტყის მართვისა და პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხელს უწყობს მდგრადი ტყის მეურნეობის განვითარებას, სატყეო ინოვაციების დანერგვას, ტყის ეკონომიკის გაძლიერებასა და ტყის საფარის აღდგენას.

43-ე სესიას გაეროს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო ევროპის ტყის კომისიის ხელმძღვანელობის შემადგენლობაში აირჩიეს, რაც ქვეყნის აქტიური ჩართულობისა და საერთაშორისო აღიარების ნათელი მაგალითია ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით.

Back to top button