გივი მიქანაძე: მთავრობის პრიორიტეტია სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება – სწორედ ამას ადასტურებს ის, რომ სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირება დაიწყო ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების ახალმა დეპარტამენტმა

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. სწორედ ამას ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირება დაიწყო  ინკლუზიისა და სტრატეგიული განვითარების  ახალმა დეპარტამენტმა“, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი  მიქანაძემ პროექტის – „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას პროექტში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ამას ხელს უწყობს რეგიონული ტურები, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებს ეძლევათ შესაძლებლობა, კოლეგებთან თანამშრომლობის გზით, გაიღრმაონ ცოდნა და მიიღონ ღირებული გამოცდილება.

პროექტი „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლიდან წელიწადში სამჯერ ხორციელდება. თითოეულ ტურში რეგიონებიდან შერჩეული 90 სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს, რომელიც პრაქტიკას თბილისის 10 საჯარო სკოლაში გადის და მათ სუპერვიზიას მასპინძელი სკოლების სპეციალური მასწავლებლები უწევენ.

პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლად დასაქმებული სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომლებსაც მცირეხნიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვთ.

პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად იგეგმება რეგიონებში სპეციალური მასწავლებლებისთვის ადგილობრივი სუპერვიზიის სისტემის ჩამოყალიბება და აქტიური პროფესიული კლუბების შექმნა, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოცდილების გაზიარებასა და ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, პროექტის მონაწილე მასწავლებლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

 

Back to top button