2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 14%-ით, ავიარეისების რაოდენობა კი 18%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის ფრენები შესრულდა. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 22 125 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ – 6 556. ჯამურად, საწყის 9 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების  (24 348) რაოდენობას.

იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები 6 489 755 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (5 682 304) რაოდენობას 14%-ით აღემატება. ცალკეულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 067 202 მგზავრს, რითაც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 12%-ი შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 407 814 მგზავრი, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 9 თვეში აეროპორტი მოემსახურა 995 099 მგზავრს, რაც 32%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მესამე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 9 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25 905.200 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა. გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების საერთო მაჩვენებლებიც. კერძოდ, 2024 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) გაიზარდა 5%-ით. სულ, იანვარ-სექტემბერში 229 972 ერთეული ფრენა დაფიქსირდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 065 618 მგზავრი ყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

Wizz Air Hungary – 17% (1 065 618 მგზავრი);

Georgian Airways – 8% (509 238 მგზავრი);

Turkish Airlines – 7% (458 370 მგზავრი);

Pegasus – 7% (453 550 მგზავრი);

Red Wings – 6% (408 018 მგზავრი);

Azerbaijan Airlines – 6% (358 291 მგზავრი);

Azimuth – 4% (258 586 მგზავრი);

EL AL – 4% (255 460 მგზავრი);

Israir – 3% (204 645 მგზავრი);

Fly Dubai – 3% (182 703 მგზავრი).

Back to top button