გივი მიქანაძემ რუსთავში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქალაქ რუსთავის N21 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

„რუსთავის N21 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქალაქის განვითარებისთვის – ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, ისწავლონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში. ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოს მთავრობა განათლების სისტემის რეფორმის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრთან ერთად, სკოლა ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა,მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით პროექტის„ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი (I2Q)“ ფარგლებში განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 6 900 000 მილიონი ლარია. სკოლის აღჭურვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყო.

სკოლაში 1600-ზე მოსწავლე სწავლობს და  დასაქმებულია 118 თანამშრომელი, აქედან 89 მასწავლებელი.

რუსთავის N21 საჯარო სკოლა 1972 წელს აშენდა. 2023 წელს მას მიენიჭა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელი.

Back to top button