თამარ იოსელიანი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წელს 1,800 000-მდე მგზავრს ველოდებით

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 13 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, მთავრობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თანმიმდევრულად ახორციელებს და მასთან ერთად სერვისებსაც ავითარებს.

„წელს ველოდებით 1,800 000-მდე მგზავრს. ქუთაისის აეროპორტში, კოვიდპანდემიის შემდეგ, საშუალოდ 35%-იანი ზრდა გვაქვს მგზავრთნაკადის კუთხით. წლევანდელი მონაცემებით, მგზავრთნაკადის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 10% შეადგინა”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს სრული რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა. 13 წლის განმავლობაში ის საქართველოს სიდიდით მეორე და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად იქცა. აეროპორტის ტერმინალი ექვსჯერ გაფართოვდა, განახლდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ინფრასტრუქტურა. მხოლოდ 2023 წელს აეროპორტმა 1.7 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, ხოლო გახსნიდან დღემდე — 8.8 მილიონზე მეტს. ასევე 13 წლის განმავლობაში 30 ათასზე მეტი რეისი შესრულდა. დღეს ქუთაისის აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. „ჩვენ ასევე ვნერგავთ ელექტრონულ სერვისებს და ზოგადად, ყოველწლიურად ვავითარებთ ისეთ მომსახურებას, რომელიც მორგებულია მგზავრსა და მის კომფორტულ მოგზაურობაზე”, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად ინფრაქსტურქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში 700-მდე ავტომობილზე გათვლილი პარკინგი მოეწყო. აეროპორტიდან ქალაქ ქუთაისამდე და პირიქით, მგზავრებს ყოველ 2 საათში კომფორტული შათლ ბასები ემსახურება. ასევე განახლდა აეროპორტის სპეცტექნიკა, დასრულდა თვითმფრინავის სადგომების, ბაქნის მშენებლობა, ამოქმედდა ე.წ. ელექტრონული გასასვლელები (e-gate), როგორც მოფრენის, ისე გაფრენის დარბაზებში. აეროპორტში კვებისა და სხვა მომსახურების მიწოდებას როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ბრენდები ახორციელებენ.

Back to top button