საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-მაიორ აშოტ ზაქარიანსა და სომხეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გენერალ-მაიორმა შალვა შენგელიამ უმასპინძლა. მხარეებმა გაცნობით შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნო.

სტუმრები დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის საჩვენებელ სწავლებას, რომელიც ვაზიანში გაიმართა. წვრთნები მოიცავდა ჩხრეკისა და კორდონის, პატრულირების, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირის დაცვის ოპერაციებსა და სხვა კომპონენტებს.

საქართველოში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დელეგაციის ვიზიტი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.

Back to top button