
საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო ბაზების კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად, რამდენიმე ადგილზე გაეცნო და მშენებლობის ეტაპებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის მშენებარე სამხედრო ბაზა მოინახულეს.
“ამ დროისათვის თითქმის დასრულებულია ყაზარმების, სასწავლო კორპუსების, რეინჯერთა სკოლის, სასადილოს, ლაზარეთის, მულტიფუნქციური სპორტული მოედნის, ავტოპარკის, საცავების, ვერტოდრომის, საქვაბეების მშენებლობა და შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები. უახლოეს მომავალში დაიწყება კეთილმოწყობის მეორე ეტაპი, რომელიც შიდა კომუნიკაციებისა და ტერიტორიის მოწესრიგებას გულისხმობს. სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე სტანდარტების ცენტრი, 24 ახალ შენობასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრი სპეციალური ოპერაციების სარდლობის განთავსების ახალი ადგილი იქნება.
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალი დისლოკაციის ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ქვედანაყოფში უკვე აშენებულია და ამჟამად მიმდინარეობს სარდლობის, ბრიგადისა და სამი ბატალიონის შტაბების, ოთხი ყაზარმის, სასადილოს, ლაზარეთის, სპორტული დარბაზის, სასწავლო კლასების შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები. პროექტი მეორე ეტაპზეა გადასული, რაც კომუნიკაციების დასრულებასა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავს”, – წერია ინფორმაციაში.