თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სლოვაკეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრს საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრმა უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ივან კორჩოკს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ივან კორჩოკს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, ევროინტეგრაციის კუთხით თავდაცვის სფეროში განხორციელებული პრაქტიკული მექანიზმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებები გააცნო და ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას კოლეგა, იაროსლავ ნადი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესაც შეხვდა.